X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ქუთაისის ისტორიული შენობების რეაბილიტაციაზე არქიტექტურული კონკურსი გამოცხადდება

19 ოქტომბერი 2025

„ქუთაისში ვიწყებთ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას. მათ შორისაა ისტორიული შენობების რეაბილიტაცია – უახლოეს პერიოდში დაიწყება პროექტზე მუშაობა და შემდგომ განხორციელება. ასევე, ქუთაისს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის სახით, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. რამდენიმე დღეში დაიწყება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქუთაისის ცენტრალური ბიბლიოთეკის ისტორიული შენობის აღდგენაც,“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქუთაისში, ისტორიული ქუჩებისა და შენობების დათვალიერების შემდეგ.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან და ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად ქუთაისის ისტორიული ნაწილის რამდენიმე ქუჩა, ბიბლიოთეკის ისტორიული შენობა და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი დაათვალიერა.

შეხვედრის მიზანი იყო ნიუპორტისა და მიმდებარე ქუჩებზე ისტორიული შენობების ნაწილის რეაბილიტაციისა და გეგმარებითი-არქიტექტურული კონკურსის მოსამზადებელი საკითხების ადგილზე განხილვა. შეფასდა არსებული არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის შენობების მდგომარეობა და განისაზღვრა ძირითადი მიმართულებები შემდგომი სამუშაოებისთვის.

აღნიშნულ უბანში თავმოყრილია მრავალი ისტორიული და კულტურული ღირებულების შენობა. მათ შორის, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა - ქალაქის ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებრივი ნაგებობა. შენობა მნიშვნელოვან არქიტექტურულ და კულტურულ ღირებულებას ატარებს — ის იმ ეპოქის ქალაქური განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო სისტემების მოწყობა. მოეწყობა მრავალფუნქციური სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც საგანმანათლებლო ისე კულტურული ღონისძიებების გამართვა.

ისტორიული შენობების აღდგენა და განახლება უმნიშვნელოვანესია ქუთაისის ურბანული იდენტობის, ტურისტული პოტენციალისა და კულტურული ცხოვრების შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის.